შვედეთის სამეფო 2019 წელს “ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება – ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა.
პიტერ ჰულტქვისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.
შვედმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველი ხალხს მიუსამძიმრა.
ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობა, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის საკითხსაც დაუთმეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და ინტენსიურ დისკუსიებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და „შვედეთის თავდაცვის პოლიტიკისა და ევროპულ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების“ შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ლექციას წაუკითხავს. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს.