შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ლინდემ განაცხადა, მისი შეფასებით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, ერთ წლამდე დასჭირდეს. ან ლინდეს თქმით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ფინეთთან ერთად წარუდგენს.
„ჩანს, რომ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომელიც საუკეთესოა შვედეთისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება ამას, თუმცა ჩვენი გათვლით, ამას შესაძლოა, ერთ წლამდე დასჭირდეს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების შესახებ 16 მაისს გამოაცხადა.