შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ცვლილებებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ცვლილებებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ევროპული საბჭოს სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონია.
„ჩვენ განვიხილავთ მოვლენების განვითარებას საქართველოში. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს იმ კანონის მიღებას, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ. ამას ევროკავშირმა უნდა უპასუხოს. ჩემი აზრით, საქართველოსთან ძველებური ურთიერთობების გაგრძელება არ შეიძლება. ევროკავშირის მხრიდან ჩვენ უნდა გავესაუბროთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე ძალიან მტკიცედ. დიდი მოლოდინი მაქვს დღევანდელი დისკუსიის მიმართ, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ შვედეთის პოზიცია არის ძალიან მკაფიო – საქართველოში მოვლენების განვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. ჩვენ არ გვსურს, ვიხილოთ იმ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა სახელდება ხდება „უცხოეთის აგენტებად“ და ეს არის იმ კანონმდებლობის გამეორება, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის, ფაქტობრივად, ამ რუსული კანონმდებლობის შაბლონს მიჰყვება. ამ კანონის მიღება იქნება მიუღებელი.
ასეთივე გზავნილი უნდა ჰქონდეს საქართველოს მიმართ ევროკავშირსაც, როგორც ევროპულ საბჭოს, ისე კომისიასაც, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს ჩვენი ურთიერთობების ცვლილებებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საკითხზე დისკუსია ჯერ არ გვქონია და მინდა, მოვისმინო ეს დისკუსიები. ასევე, მინდა, მოვისმინო მკაფიო გზავნილი ევროკომისიისგან საქართველოს მიმართ და საქართველოს მთავრობის მიმართ. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირთან ახლო ურთიერთობა და ისინი არ უჭერენ მხარს ამ კანონმდებლობას, რაზეც მეტყველებს საქართველოში გამართული მასობრივი დემონსტრაციები, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და ეს მოითხოვს დაბალანსებულ მიდგომას ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.