შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, საქართველოს მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან.
მისივე განცხადებით, კანონის მიღების გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.
„საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ, დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელმაც კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“. ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე“, – აღნიშნავს ტობიას ბილსტრომი.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.