შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩის ჩატარებას #1TVSPORT
შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვერ წარმოუდგენია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩების მოსკოვში ჩატარება.
24 მარტს, რუსეთის დედაქალაქში დაგეგმილია პლეი ოფის ნახევარფინალი რუსეთსა და პოლონეთს შორის. ამ წყვილში გამარჯვებული შეხვდება შვედეთსა და ჩეხეთს შორის მოგებულს, რათა გაირკვეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაამარცხებს პოლონეთს, პლეი ოფის ფინალიც 29 მარტს მოსკოვში უნდა გაიმართოს.
„როცა დილით გავიღვიძეთ, სპონტანურად გაჩნდა აზრი იმის შესახებ, რომ თითქმის წარმოუდგენელია რამდენიმე კვირის შემდეგ საფეხბურთო მატჩის რუსეთში გამართვა. დღეისთვის რუსეთში თამაშის აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ არსებობს.
ჩვენი ფიქრები მიმართულია უკრაინაში ჩვენი მეგობრებისკენ იმ სიტუაციის გამო, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ. ეს საშინელებაა. ამ ჯოჯოხეთში ფეხბურთი ყველაზე უმნიშვნელო თემად უნდა განვიხილოთ“, – მოჰყავს ნილსონის სიტყვები სააგენტო „როიტერსს“.