შვედეთის რადიოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რეკრუტირების სიმღერა გაუშვეს
ქალაქ მალმოში რადიოსადგურ Mix Megapol-ის ტალღაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ დაეშის რეკრუტირების სიმღერა – „ალაჰის გულისთვის“ მოისმინა.
აღმოჩნდა, რომ რადიოსადგურის სიხშირის გადაფარვა პირატული გადაცემით მოხდა.
შვედური მედიის ინფორმაციით, სამ წუთიანი სიმღერა ნახევარი საათის განმავლობაში გადაიცემოდა. შვედეთში ამბობენ, რომ დამნაშავემ რამდენიმე კანონი დაარღვია, თუმცა მისი იდენტიფიცირება რთული იქნება. რადიოსადგური Mix Megapol კომერციული რადიოა, რომლის რეპერტუარში 80-იანი, 90-იანი და 2000-იანი წლების ჰიტები შედის.
2012 წლის შემდეგ დაეშს ახლო აღმოსავლეთში შვედეთიდან 300-მდე ადამიანი შეუერთდა. მათი ნახევარი უკვე დაბრუნდა, 40 ადამიანზე კი ითქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს.