შვედეთის პრემიერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით რისკებს ხედავს
ამერიკელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა შეძლოს თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და პრეზიდენტთან, რომელიც თანამდებობას იკავებს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა აშშ-ის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, „ამჟამად ამერიკის პოლიტიკაში არის მთელი რიგი შემაშფოთებელი ტენდენციები, რომელთა აღნიშვნა მნიშვნელოვანია“.
„დებატების მკაცრი და პოლარიზებული ტონი, კულტურული ომების ტენდენცია პოლიტიკურ საკითხებზე დომინირებისკენ. ვფიქრობ, ეს საშიში განვითარებაა. კიდევ ერთი რისკი არის უკრაინის მიმართ ვალდებულებების შემცირება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად აშშ უკრაინას უდიდეს სამხედრო დახმარებას უწევს. ჩვენ ამას ვაფასებთ, მადლიერები ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს სწრაფვას ტრანსატლანტიკური ვალდებულებების შენარჩუნებისკენ“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
ამასთან, კრისტერსონის თქმით, არსებობს ეკონომიკური პროტექციონიზმის გაზრდის რისკიც.
„ეს ბევრს ნიშნავს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც შვედეთია და რომელიც უკიდურესად არის დამოკიდებული ექსპორტსა და ვაჭრობაზე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
ამავდროულად, შვედეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ არ სურს დასკვნების ნაადრევად გაკეთება.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით სხვადასხვა სცენარისთვის, მოვლენების სხვადასხვაგვარი განვითარებისთვის და კარგად ვართ მომზადებული ამისთვის“, – აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.