შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, მაგდალენა ანდერსონი გახდება
შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატი მაგდალენა ანდერსონი გახდება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მაგდალენა ანდერსონი შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერად ერთხმად აირჩიეს, რამაც მთავრობის ხელმძღვანელობისკენ გზა გაუხსნა.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
შვედეთში მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში ნდობის დაკარგვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოფვენმა თანამდებობა დატოვა. ახალი კოალიციის ფორმირების შემდეგ ლოფვენი თანამდებობაზე ივლისში დაბრუნდა, მაგრამ მოულოდნელად თქვა, რომ ნოემბერში გადადგებოდა. ეს შვედეთის პოლიტიკაში ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ცვლილება იქნება.
ლოფვენის გადადგომის შემდეგ მაგდალენა ანდერსონის არჩევის პროცესი პარლამენტში გაიმართება.
მაგდალენა ანდერსონს „მწვანეების“, ასევე მემარცხენე პარტიის და ცენტრის პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება.