შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა
შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა. გასულ კვირას მმართველი კოალიციის დაშლის გამო მაგდალენა ანდერსონი იძულებული გახდა, პრემიერის პოსტიდან პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გადამდგარიყო.
სამთავრობო კოალიციის დაშლის მიზეზი ანდერსნის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში ჩავარდნა გახდა. ამის ნაცვლად, კანონმდებლებმა ხმა მისცეს ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ულტრამემარჯვენე „შვედი დემოკრატების“ მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს. „მწვანეთა პარტიამ“ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ულტრამემარჯვენების მიერ შემუშავებული ბიუჯეტი და კოალიცია დატოვა. შვედეთის კანონმდებლობის თანახმად კი, სამთავრობო კოალიციიდან პარტიის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს.
29 ნოემბერს გამართული კენჭისყრისას ანდერსონი კანდიდატურამ 349-წევრიან პარლამენტში 101 ხმა მიიღო, 173 წინააღმდეგი იყო, 75-მა კი თავი შეიკავა. შვედეთის პოლიტიკური სისტემით, პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად კანდიდატს სჭირდება მხოლოდ ის, რომ უმრავლესობამ მის წინააღმდეგ არ მისცეს ხმა.
დამტკიცების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მზად არის, შვედეთი წინ წაიყვანოს სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომელიც ფოკუსირებულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კლიმატური ცვლილებებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე.