შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კენჭი უყარა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას მხარი დაუჭირა 269 დეპუტატმა 37-ის წინააღმდეგ. წინააღმდეგ მემარცხენე და მწვანეთა პარტიის წევრები წავიდნენ.
კენჭისყრას წინ 6-საათიანი დებატები უძღოდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ნატო-ს წევრობა საუკეთესო საშუალებაა შვედეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მთელი ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად“.
შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე მიიღო. ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში შვედეთის გაწევრიანების საკითხის რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.