შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყანაში სქესის შეცვლა, 18 წლის ნაცვლად, 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
შვედეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ქვეყანაში სქესის შეცვლა, 18 წლის ნაცვლად, 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
კანონის მიხედვით, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება, საკმარისი იქნება ექიმთან ან ფსიქოლოგთან ხანმოკლე კონსულტაცია, ასევე, ჯანდაცვის ეროვნული საბჭოსგან ნებართვის მიღება.
ახალი კანონი, ასევე, განაცალკევებს სქესის შეცვლას და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ სჭირდება ბევრად ხანგრძლივი შეფასება.
კანონპროექტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს არის არსებული კანონის მოდერნიზაცია, რომელიც შვედეთს სკანდინავიელ მეზობლებსა და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან დააახლოებს; ქვეყნებთან, რომლებსაც უკვე აქვთ სისტემები, რომლითაც ადამიანებს სქესის განსაზღვრა შეუძლიათ.
„ეს არ არის რევოლუცია, რომელსაც დღეს ვახდენთ, ეს არის რეფორმა“, – თქვა დებატების მოდერატორმა, იოჰან ჰულტბერგმა.
„მიზანშეწონილი არ არის, სქესის იურიდიულ შეცვლასთან დაკავშირებით იგივე მოთხოვნები არსებობდეს, რაც სქესის შეცვლის ოპერაციისთვის“.
კანონპროექტს მოწინააღმდეგებიც ჰყავს, განსაკუთრებით კი, მემარჯვენეები.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, შვედების 59 პროცენტი თვლის, რომ ეს ცუდი ან ძალიან ცუდი შეთავაზებაა, მაშინ როდესაც 22 პროცენტი თვლის, რომ ეს კარგი წინადადებაა.
შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, აქამდე საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა.