შვედეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა
შვედეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„შეუძლებელია ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. პანდემია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა.
შვედეთი ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც პანდემიის დროს მკაცრი კარანტინი არ დააწესა და ამით მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად რეკორდულ ნიშნულს აღწევს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შვედეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 9 654 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 100 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი პანდემიას 7 993 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.