შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყურანის დაწვის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, შვედეთში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია
შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყურანის დაწვის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, შვედეთში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია. ამის შესახებ განცხადება შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს ახლა უწევთ გამკლავება „თავდასხმის მუდმივ მუქარებთან, რომლებიც მიმართულია შვედეთისა და შვედეთის ინტერესების წინააღმდეგ“.
მათივე შეფასებით, ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში ხუთდონიანი სისტემით მესამე დონეზე რჩება.
განცხადებაში ასევე წერია, რომ შვედეთში ყურანის დაწვის შემდეგ ჩატარებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი იყო შვედეთის იმიჯის შეცვლა და მისი გამოყვანა „ისლამისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნად, სადაც მუსლიმებზე თავდასხმები სანქცირებულია სახელმწიფოს მიერ და სადაც მუსლიმი ბავშვები შეიძლება, მოიტაცონ სოციალურმა სამსახურებმა“.
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აქტორები ავრცელებენ ცრუ ცნობებს შვედეთის შესახებ, რომ შვედეთი სახელმწიფო დონეზე უჭერს მხარს ყურანისა და სხვა წმინდა წიგნების დაწვას“, – განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.
ცნობისთვის, მანამდე ერაყმა ქვეყნიდან გააძევა შვედეთის ელჩი. ამ ნაბიჯით ბაღდადმა გააპროტესტა შვედეთის დედაქალაქში დაგეგმილი აქცია, რომელზეც ყურანი უნდა დაეწვათ.