შვედეთის შს მინისტრი - საქართველოს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რომ უკან დაიბრუნოს თავისი მოქალაქეები
შვედური რადიო Sveriges Radio სტოკჰოლმში, საქართველოს შს მინისტრ გიორგი გვახარიასა და შვედეთის იუსტიციისა და შს მინისტრ მორგან იოჰანსონის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რადიო იტყობინება, შვედური მხარე საქართველოსგან ითხოვს, დაიბრუნოს შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები.
„საქართველოს ამ მოქალაქეებს შვედეთთან არანაირი კავშირი აქვთ. კანონის თანახმად, მათი სამშობლოში დაბრუნება შესაძლებელია. მეორე მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ შვედეთის ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება“, – განაცხადა მორგან იოჰანსონმა.
როგორც Sveriges Radio იუწყება, შვედეთში ქურდობის შემთხვევების თითქმის ნახევარი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არის ჩადენილი. საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, საიდანაც ქვეყანაში ყველაზე მეტი კრიმინალი ჩადის. გასულ კვირას მორგან იოჰანსონმა ეს ოთხი ქვეყანა დაასახელა: პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და ლიტვა.
შვედური მედიის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იტაცებენ ავტომობილებს, იპარავენ ავტონაწილებს, ასევე ძარცვავენ ასაკოვან მოქალაქეებს.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს შვედეთში გასამართლებული თავისი მოქალაქეები, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა. სხვა მიზეზებს შორის საქართველო ასახელებს ციხეებში არასაკმარის ადგილებს“, – იუწყება Sveriges Radio.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამჟამად საქართველოს აქვს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ უკან დაიბრუნოს თავისი მოქალაქეები.
„ერთი წლის წინ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი მიანიჭა. ისინი ცდილობენ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნონ“, – აღნიშნა იოჰანსონმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გარდა, შვედეთი აღნიშნულ საკითხზე მოლაპრაკებებს რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის მთავრობებთანაც აწარმოებს.