შვედეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყურანის დაწვის შემთხვევების გამო ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე მატულობს
შვედეთის იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა განაცხადა, რომ ყურანის დაწვის შემთხვევების გამო ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების საფრთხე მატულობს.
სტრომერის თქმით, გასულ ექვს თვესთან შედარებით, ამჟამად შვედეთში უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია.
„ამ დრომდე შვედეთი იყო „ლეგიტიმური სამიზნე“ ტერორისტული თავდასხმებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დასავლური სახელმწიფო. ახლა ვითარება შეიცვალა და შვედეთი მსგავსი ტერორისტული თავდასხმებისთვის პრიორიტეტული სამიზნეა“, – განაცხადა სტრომერმა.
სტრომერის განცხადებით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, რათა ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შეამციროს. ამ მიზნით გაძლიერებულია კონტროლი საზღვრებზე, ხოლო ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სამსახური თავდასხმების პრევენციისთვის სხვა უწყებებთან კოორდინირებულად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.