შვედეთი ყურანის დაწვის შემდეგ მომატებული საფრთხის გამო სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს
შვედეთის მიმართ ყურანის დაწვის შემდეგ საფრთხემ იმატა, რის გამოც ქვეყნის მთავრობა სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ახალი კანონი, რომელიც აგვისტოს პირველ ნახევარში ამოქმედდება, პოლიციას ანიჭებს გაფართოებულ უფლებამოსილებას, განახორციელოს შემოწმებები ქვეყნის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სხეულის ჩხრეკა და გაზრდილი ელექტრონული მეთვალყურეობა.
„სასაზღვრო კონტროლი არის ღონისძიება, რომელიც გვიქმნის პირობებს შვედეთში შემოსული ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდნენ შვედეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, გუნარ სტრომერმა პრესკონფერენციაზე.
შვედეთის მთავრობა ასევე განიხილავს ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს პოლიციას, შეაჩეროს ყურანის დაწვა საჯაროდ, თუ ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულის შესახებ განცხადება, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა გააკეთა.
კრისტერსონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიტუაციის დეესკალაცია და მოუწოდა ხალხს, გამოიყენონ სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობით და პატივისცემით.
ამავდროულად, დანიის უსაფრთხოების პოლიციამ განაცხადა, რომ, შვედეთის მსგავსად, კრიზისის შედეგად ქვეყანა ხედავს თავდასხმების მაღალ რისკს.
ცნობისთვის, შვედეთსა და დანიაში ბოლო პერიოდში იყო საპროტესტო აქციების სერია, რომლის დროსაც ყურანის ასლები დაწვეს, რამაც გამოიწვია აღშფოთება მუსულმანურ ქვეყნებში.