შვედეთი უკრაინას იარაღს მიაწვდის. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
ანდერსონის თქმით, შვედეთი გაუგზავნის უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს 1939 წელს ფინეთში საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა შვედეთი კონფლიქტში მყოფ ქვეყანას იარაღს უგზავნის.
მისი თქმით, დახმარება მოიცავს ხუთი ათას ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, ხუთი ათასს ჯავშანჟილეტს, ხუთი ათას ჩაფხუტს და ასევე საკვებ ულუფებს სამხედროებისთვის.
„ჩემი დასკვნაა, რომ ახლა ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო დაცვაა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის შეძენას და გაგზავნას დააფინანსებს, რაც არის პირველი შემთხვევა ისტორიაში.