შვედეთი ამერიკულ სარაკეტო კომპლექს Patriot-ს შეიძენს. გარიგება ამ კვირაში გაფორმდება. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სტოკჰოლმი ამერიკულ კომპანიას მილიარდ დოლარს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის რადიო ავრცელებს.
შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, თუმცა ნატო-სთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს. სტოკჰოლმში სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ მიიღეს.
როგორც შვედეთის რადიო იუწყება, ხელისუფლება სულ ოთხი ამერიკული სარაკეტო კომპლექსის შეძენას გეგმავს. მათი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შვედეთის არმიას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეეძლება.
თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა განაცხადეს, რომ ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერა ხვალ იეგეგმება. როგორც მედია წერს, შეთანხმება შვედეთს 300 რაკეტის ყიდვის შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტს სამ მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
ამ დრომდე Patriot-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსებს 15 ქვეყანა ფლობს. მათ შორის გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი, პოლონეთი და შვეიცარია.