ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში, სადაც დღეს უბედური შემთხვევის შედეგად მაღაროელი დაიღუპა, სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა.
ჯგუფის წევრების განცხადებით, დათვალიერების შედეგად გადაწყდა, რომ ადგილზე ტექნიკური ინსპექტირება ჩატარდება.
„უახლოეს დღეებში განვახორციელებთ ტექნიკურ ინსპექტირებას, შევამოწმებთ მაღაროს, შევხვდებით როგორც დასაქმებულებს, ისე ადმინისტრაციას, შევისწავლით ტექნიკურ დოკუმენტაციას. ტექნიკური ინსპექტირების ოქმს კი, რამდენიმე დღეში მოვამზადებთ“, – განუცხადა პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სამთო ობიექტებზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, მირიან ბედიანიძემ.
შემთხვევის ადგილი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დღეს 45 წლის ზაზა აბრამიშვილი დაიღუპა.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მაღაროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც აბრამიშვილი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.