შუახევის მერი - სოფელ კობალთას ტყეში ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს მოედო, ვცდილობთ, ტყის მასივზე არ გავრცელდეს
შუახევის მინიციპალიტეტში, სოფელ კობალთას ტყეში ხანძრის ლოკალიზება სავარაუდოდ დღესვე, რამდენიმე საათში მოხერხდება, – ამის შესახებ პირველ არხს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობს. ადგილი მიუვალია და ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.
„ცეცხლი ძირითადად ბუჩქნარს მოედო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი ხუთი წლის წინაც გაჩნდა და იქ ახლა მხოლოდ ახალი მცენარეები და ძველი ხეების ნარჩენებია. ვცდილობთ, ცეცხლი ტყის მასივზე არ გადავიდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, შუახევის სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული, რამდენიმე ჯგუფი ბათუმიდანაც მოვიდა, მაგრამ ტექნიკისთვის მიუვალი ადგილია და მას ვერ ვიყენებთ. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ვფიქრობ, ლოკალიზებას დღესვე მოვახერხებთ“, – განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
მისი თქმით, ხანძარი დასახლებული ტერიტორიიდან შორს არის და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სოფელ კობალთას ტყეში დაახლოებით 7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი იწვის.