შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა
შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა. ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაც.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასა და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასა და მის მოადგილეებთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„ძლიერი შტორმის შედეგად მნიშვნელოვნად ზიანდება კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი. ფაქტობრივად ბერმი დამცავ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ბერმის წინ არსებული ფერდიც მუდმივად ირეცხება, სიღრმე იკლებს, შესაბამისად ტალღა უფრო ძლიერად ურტყამს სანაპიროს და აზიანებს არსებულ ინფრასტრუქტურას, რის გამოც ჩვენ იძულებული გავხდით, შეგვეჩერებინა კუნძულის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაგვეუქმებინა ხელშეკრულება. ახლა გუბერნატორის, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით გზების დეპარტამენტმა უნდა მოამზადოს ნაპირგამაგრების პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, ვიზრუნოთ სანაპირო ზოლის ფუნქციის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები შექმნა ანაკლიასა და განმუხურშიც.