ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, მთავრი საპროცენტო განაკვეთი მეოთხედი პროცენტული პუნქტით გაზარდა და განაცხადა, რომ წელს განაკვეთის კიდევ ორი ზრდა იგეგმება. ანალიტკოსების აზრით ეს ნიშნავს, რომ შტატებში სესხები გაძვირდება. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
ეს ფედერალური რეზერვის ახალი ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის სათავეში მოსვლის შემდეგ, მმართველების პირველი შეხვედრა იყო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით დასრულდა.
პაუელის პროგნოზით, საპროცენტო განაკვეთის ზრდა 2019 და 2020 წლებში კიდევ უფრო მკვეთრი იქნება.
საპროცენტო განაკვეთი გაზარდა ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმაც. შედეგად, ხუთშაბათის ვაჭრობაზე აშშ დოლარი მიმდინარე თვის მაქსიმუმამდე 0.1 პროცენტით გაუფასურდა, ევრო 0.3 პროცენტით გამყარდა, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი – 0.2 პროცენტით.
ევროპის და ამერიკის ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა, შემცირდა ამერიკული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ე.წ. სახაზინო ობლიგაციების მოგებაც. ანალიტიკოსების აზრით, ბაზრებზე მღელვარება და დოლარის გაუფასურება, შტატებსა და ჩინეთში სესხების გაძვირების გარდა, ზოგადად, გლობალურ დონეზე სავაჭრო პოლიტიკის დაძაბვამაც გამოიწვია.
შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ დღეს აპირებს გააკეთოს განცხადება ჩინეთის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, რაც გარკვეული სახის საქონლის იმპორტზე ტარიფების ზრდას მოიცავს და თვით ამერიკული კომპანიების უკმაყოფილებასაც იწვევს.
ევროპის წამყვანი საფონდო ინდექსი, რომელიც 600 უმსხვილეს ევროპულ კომპანიას აერთიანებს, უკვე მეორე დღეა ვარდნას განიცდის, ჩინეთში სესხების გაძვირების შედეგად, ჰონგ-კონგისა და სხვა ჩინური ბირჟების ინდექსებიც დაეცა, თუმცა აზიის ბაზრებზე იაპონიისა და სამხრეთ კორეული ინდექსები გაუმჯობესდა.