შსს ყველა იმ პირს, ვინც ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ფაქტებზე ინფორმაციას ფლობს, საგამოძიებო ორგანოში მისვლისკენ მოუწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ფაქტებზე ინფორმაციას ფლობს და მოუწოდებს, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დევდარიანის საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა მედიაში გავრცელებული მასალებიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.
„არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-ს ყოფილი გენერალური დირექტორის – ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, 2018 წლის 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.