შსს - ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შსს - ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარია ომარ გამყრელიძის მეორე შვილზე, რომელთან დაკავშირებითაც მედიასა და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩდა კითხვები, რომ ის შესაძლოა იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში.

ამასთან, შსს-ს ცნობით,  ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით.

კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.

გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება მედიაში და სოფელ ყანდაურას მოსახლეობის ნაწილში გაჩენილ კითხვებს, ო.გ.-ს მეორე შვილთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა, იყოს ამ საქმესთან შემხებლობაში, განვმარტავთ, რომ გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

საქმეზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა დასკვნები მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს გამოძიებას, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ყანდაურაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყანდაურაში მომხდარი ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.