შსს - ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიზანი თანამშრომელთა დემორალიზებაა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ ცრუ და მიზანმიმართულად გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებულ სიუჟეტს, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგები, ბოლო პერიოდში, არასათანადო პირობების გამო, ათეულობით თანამშრომელმა დატოვა. სიუჟეტის შესავალშიც და წამყვანის დასკვნაშიც ნათლად ჩანდა სიუჟეტის მიზანი, პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება. სიუჟეტში ნათქვამი არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად არის გაყალბებული. მაყურებელს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტებიც კარგად ემახსოვრება, სადაც პოლიციელების პირობების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ თითოეულ მსგავს ტენდერს განსაკუთრებული კრიტიკა და ბიუჯეტის „ფლანგვის“ შეფასებები ახლავს. მსგავსი მიდგომები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მედიაორგანიზაციის ორმაგ სტანდარტს. რაც შეეხება კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას – უწყებიდან თანამშრომელთა მასობრივ გადინებას, აღნიშნულიც არის სიცრუე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია“, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.