შსს - ვიდეო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დავით მათიკაშვილს გაუგზავნა, არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს
შსს - ვიდეო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დავით მათიკაშვილს გაუგზავნა, არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიდეო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილს გაუგზავნა, არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან.

„მიმდინარე წლის 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ სამსახურებრივი მეილზე მიიღეს შეტყობინება სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომელიც არ ჩამოუტვირთავთ და არ გაუხსნიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოტვირთეს ვიდეო ფაილი, გახსნეს და დაადგინეს, რომ კადრები არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს და იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ფილმიდან“, – აცხადებენ შსს-ში.

ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ დავით მათიკაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე ვიდეო გაუგზავნა სახელწოდებით, „პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“.

„გუშინწინ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ გადმოქაჩა და უყურა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ამასთან, დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ ვიდეო კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა გახსნეს. „ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. ეს ხუმრობა არ არის, ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. თქვენგან მოვითხოვ იმავე ფორმით და საშუალებით მოახდინოთ სწორი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება და იმ უხერხულობისთვის მოიხადოთ ბოდიში, რაც გამოიწვია თქვენმა პროვოკაციულმა აქციამ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება ჩემი დარღვეული უფლების აღსადგენად. იმედი მაქვს რომ სიმართლის დადგენის შემდეგ თქვენი ქცევაც ადეკვატური იქნება“, – წერს მათიკაშვილი.