შსს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შსს პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში, ისნის მეტროსადგურში პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო და მედიასაშუალებებს მიაწოდა, ჩანს, რომ სამართალდამცველებს ბიჭი მეტროს ქვედა ტერიტორიიდან ესკალატორით ზემოთ ამოჰყავთ, რა დროსაც მათ თანმხლები პირი უხსნის, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონეა, არ ესმის, არც საუბარი შეუძლია და მათ კითხვებს ვერ უპასუხებს. ამის მიუხედევად, როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქე სამართალდამცველებს სავარაუდოდ მანდატურის ოთახში გადაჰყავთ, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდება.