შსს ვარკეთილში ავტობუსის მძღოლების დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ვარკეთილში ავტობუსის მძღოლების დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში ავტობუსის მძღოლების დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა – 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს – ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.