შსს - უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი არ იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, რვა პირია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.
„სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი. სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო“, – აცხადებენ შსს-ში.