შსს უცხოეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს
ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა, რომელშიც ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.
გახარიას თქმით, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა შენარჩუნდეს.
„ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმა. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე – იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.