შსს თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული შვიდი პირის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული შვიდი პირის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
„დაკავებულია უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.
დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არის თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- აცხადებენ შსს-ში.