შსს-სთან მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ, რომელსაც პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ძალადობაში მონაწილე ყველა პირი არ დაისჯება.
აქციის მონაწილეები სამინისტროსთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სურათებით მივიდნენ.
აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, „ლელოს“ წარმომადგენელი საბა ბუაძე და „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ჟურნალისტების გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის მომავალი.
„ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე მოვედი როგორც საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც ამ ქვეყანაში უბრალოდ კლავენ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს მათ უსაფრთხოებაზე და რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი მდგომარეობაა პირველ რიგში იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადაწყვიტა, ამ სიბნელეს დაუკავშიროს თავისი მომავალი, ფაშიზმს, სიბნელეს, რუსეთს და ამ უბედურებას. თქვენს გარეშე, ჟურნალისტების გარეშე წარმოუდგენელია ამ ქვეყნის მომავალი, არ არსებობს დემოკრატია და განვითარება, არ არსებობს სინათლე და ეს უნდა ესმოდეს ყველას ძალიან კარგად, შესაბამისად, სადაც იქნებით თქვენ, იქ ვიქნები მე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ლელოს“ წევრ საბა ბუაძის თქმით, აქციაზე მისვლით სურს, მედიას სოლიდარობა გამოუცხადოს.
„ამ აქციას შემოვუერთდი იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო მედიას და გამოვუცხადო სოლიდარობა იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა მედია იმყოფება. ეს არის ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ეს არის ბრძოლა ამ ქვეყნის დასავლური პერსპექტივის გადარჩენისთვის. მიხარია, რომ ქართული მედია არის ასეთი ერთსულოვანი ამ პროცესში და სამაგალითო ბრძოლას გვაჩვენებს ჩვენ, მთლიანად საზოგადოებას. ამის მხარდასაჭერად მოვედი აქ. ყველა მოძალადე უნდა იქნას დასჯილი, მთავრობა უნდა გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად ეს პროცესი ვერსად წავა და ეს იქნება ერთადერთი დასასრული ამ პროტესტის, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად ვიმყოფებით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
სამინისტროსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.