შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ერთიანი ცენტრი შეიქმნება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომსახურების ერთიანი ცენტრი იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მისაწოდებლად.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი-პატრულ ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.