შსს-ში განმარტავენ, რომ ცივ იარაღზე მომზადებული რეგულაციები საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს არ შეეხება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი განმარტავს, რომ ცივ იარაღთან დაკავშირებით მომზადებული ახალი რეგულაციები საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და სახელოვნებო დანიშნულების ცივ იარაღს არ შეეხება.
როგორც ჟურნალისტებს დოჭვირმა განუცხადა, ახალი რეგულაციები შეეხება ისეთ ცივ იარაღს, რომელსაც ადამიანები სხვა პირს ზიანის მისაყენებლად ატარებენ.
„ეს შეიძლება იყოს „ბაბაჩკა“ დანები, ფიქსატორიანი დანები. ანუ, ისეთი ცივი იარაღი, რომელიც თავისი დანიშნულებით რაიმე სამეურნეო საქმიანობისთვის არ გამოიყენება და სასუვენირო დანიშნულებაც არ გააჩნია. რეგულაციები ისეთ ცივ იარაღს არ შეეხება, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები იყენებენ”, – განმარტავს დოჭვირი.
დოჭვირი ყურადღებას ახალ რეგულაციებზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ცივი იარაღის გაყიდვაზე ლიცენზია იქნება, რომლის საფასური 100 ლარი იქნება.
„ცივ იარაღის გაყიდვაზე დღეს არსებული რეგულაცია რაც გვაქვს, საკმაოდ მწირია. საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა შევისწავლეთ, ვთვლით, რომ ცივი იარაღის მიწოდებაზე რეგულაციები უნდა გამკაცრდეს იქედან გამომდინარე, რომ მისი გაყიდვა სკოლების მიმდებარე ტერიტორიისა და ბავშვის სათამაშოებთან ერთად არ მოხდეს. რეგულაციები დაწესდება იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი იმისათვის, რომ ცივი იარაღით ვაჭრობა შეძლოს. ასევე მეწარმეებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ცივი იარაღის რეალიზაციას ახდენენ, გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ და კანონპროექტში გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რათა ახალ რეგულაციებთან მიმართებაში ადაპტირება მოხდეს“, – აცხადებს დოჭვირი.
დოჭვირის ცნობით, ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება.
„დღეს თუ ორი ადმინისტრაციული ჯარიმა იყო, ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება, ანუ, როცა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ერთხელ ჩაიდენს და ერთი წლის განმავლობაში ცივი იარაღის ტარებას უკანონოდ აღმოვუჩენთ, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასევე თუ სანქცია თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვემდე ვადით იყო, ერთ წლამდე ვადით გახდება”, – განაცხადა დოჭვირმა.
ბექა დოჭვირმა “იარაღის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.