შსს-ში დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულთა გამოძიების თემაზე გადამზადების პროცესი დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების თემაზე კასკადური ტრენინგების გახსნით ღონისძიებას დაესწრო და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, ცაციაშვილმა ისაუბრა ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, უწყებაში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა თემაზე გამომძიებელთა სისტემური გადამზადების პროცესი პირველად ხორციელდება. ტრენინგ-მოდული ეფუძნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სასწავლო მასალას და დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე – პრაქტიკული ინფორმაციით. სამართალდამცავთა გადამზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამინისტროს ტრენერები, ასევე -ფსიქოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც პროექტის მხარდამჭერები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.