შსს-ში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე განცხადებების მიღება დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამინისტრომ გამომძიებლის 50 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყო და ჯამში 829 დასაქმების მსურველთა განაცხადი შემოვიდა.
კონკურსის მომდევნო ეტაპზე მოხდება მიღებული განცხადებების გადარჩევა, ხოლო შემდგომ შერჩეული კანდიდატები ტესტირებას (ზოგადი უნარები და პროფესიული), გასაუბრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას გაივლიან. ყველა ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატები დაინიშნებიან თანამდებობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსის მიხედვით გადამზადდებიან.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში, სამსახურში მიღების ახალი წესი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც გამომძიებლად, კონკურსის გზით, მხოლოდ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ინიშნება. ამასთან, კანდიდატებისთვის აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი იქნება და მოსამსახურეები ამ პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ნახევარს მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივის მიზანია უწყებაში მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში კრიმინალური პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ასევე, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით“, – აცხადებენ შსს-ში.