შსს-ში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია 100-მდე პირი, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა 
შსს-ში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია 100-მდე პირი, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმეზე უკვე 100 პირია დაკითხული.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა მურადაშვილმა განუცხადა.

ამასთან, კახა მურადაშვილის ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას და დანიშნულია ექსპერტიზები.

„როგორც მოგეხსენებათ, მომხდარ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაიკითხნენ როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დაახლოებით 100 პირია დაკითხული. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს დოკუმენტაციაა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაში არის აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან თუ დაპროექტებასთან“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.