თბილისში ორი პირის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია განიხილება
შსს-ში აცხადებენ, რომ თბილისში ორი პირის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია განიხილება.
უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ.
ამასთან, პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.
ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით. ამასთან, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის განიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი“, – განაცხადეს შსს-ში.