შსს-ში აცხადებენ, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შსს-ში განმარტავენ, რომ დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას განაგრძობენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტის შენობის უკან მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრა სცადეს. ოფისში იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ასევე მათი ტექნიკა.
აქციის მონაწილეების მხრიდან თბილისში, ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ჩამოხსნის, განადგურებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, ასევე, გამოძიება.
კანონდარღვევის ამ ფაქტებისა გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას უკვე აცნობა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის გამოვლენილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ფაქტებზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ არსებული რისკების გათვალისწინებით ითანამშრომლონ პოლიციის თანამშრომლებთან, გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები.
დედაქალაქის ქუჩებში საპოლიციო ძალები მობილიზებული რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.