შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა

გამოძიება ხადას ხეობაში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს სხვადასხვა პირის გამოკითხვა.

„გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. იკითხება ყველა ის პირი, ვისაც ამ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.