შსს შატილის გზაზე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შატილის გზაზე სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.
„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა სამი მოქალაქე.
ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.
შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი სამი დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.