შსს - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.