შსს - სამართალდამცველებმა თბილისში მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს.
სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია „გლოვოს“ თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი, მოპედი ადგილზე აღარ დახვდა.
შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა.
პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.