შსს - სამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს საფრანგეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
შსს - სამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს საფრანგეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს საფრანგეთის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და სამუდამოდ აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

„მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად – Caucase Normandie, რომლის დროსაც ოთხი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს. მიმდინარე წლის 15 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ნანსში მათი სასამართლო პროცესი დასრულდა. „კანონიერ ქურდებს“ – კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ და სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა.

დაკავებულ ბიძინა ბაკურიძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მასაც სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. დაკავებულები რჩებიან პატიმრობაში“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.