შსს - საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.
„მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი სრულად იცავს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეებს 50-მდე საპოლიციო სერვისს ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, “ერთი ფანჯრის” პრინციპით შესთავაზებენ.
ამასთანავე, შენარჩუნდება მოქალაქეთა მომსახურების დისტანციური მომსახურება, რომლითაც მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ საპატრულო პოლიციაში არსებული სერვისებით სარგებლობას, ტელეფონის ნომერზე – 2 41 42 42 ან ელექტრონული ვებგვერდის – www.police.ge-ის მეშვეობით.
პირველი ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც “ერთი ფანჯრის” პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.