შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონფერენცია გამართა თემაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის განხორციელებაზე ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე „სისტემური განახლების“ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა და სამივე მიმართულების გაძლიერების გზით, კრიმინალური პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება. რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კი გამოძიების ხარისხის გაზრდაა, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების და სისტემის შიგნით ფუნქციების გამიჯვნის, ისე საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო უფლებამოსილებების მკაფიოდ განსაზღვრის გზით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტრომ უკვე შეაფასა გამომძიებელთა კვალიფიკაცია. მიღებული შედეგების შესაბამისად სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა პროფესიული გადამზადების მოდული შემუშავდა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია გამომძიებელთა საბაზისო მომზადების პროგრამა, გაიზარდა გამომძიებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამტკიცდა სამსახურში მიღების ახალი წესი, რომლის მიზანიც უწყებაში ახალი, მოტივირებული კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.

კონფერენციაში მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნიმუშად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა წარედგინა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურის ცვლილების მთავარი მიზანია, ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნოს საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები. უფრო კონკრეტულად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ გამოძიებაზე, დეტექტივები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მხოლოდ ოპერატიულ მუშაობაზე და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან პრევენციულ საპოლიციო საქმიანობაზე. გარდა ამისა, იქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო, რომელიც თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი.

საუბარი ასევე შეეხო გამოძიების პროცესში საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს, რომლის მიზანი გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, გამომძიებელთა პასუხისმგებლობის ზრდა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და გამოძიების პროცესზე საპროკურორო კონტროლის გაძლიერებაა. წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების საკანონმდებლო დონეზე მოგვარების გზებზე ისაუბრეს.