შსს-ს წარმომადგენელი - განჩინების აღსრულების მიზნით მოვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, თუმცა კარი ჩაგვიკეტეს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მივიდნენ.
მათივე განცხადებით, შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს. შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება.
„როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოს მიერ გაცემულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც დაევალა შსს-ს, შესაბამისად, გამომძიებლები, თანამშრომლები განჩინების აღსრულების მიზნით მოვედით ოფისში, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ პატივცემული ნიკანორ მელია იმყოფება აღნიშნულ ოფისში. თუმცა, დაინახეთ, რომ კარი ჩაგვიკეტეს და არ შეგვიშვეს. აღსრულების პროცესში გათვალისწინებული და გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.