შსს-ს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
შსს-ს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საპოლიციო და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სწავლების თეორიული ნაწილი შსს-ს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება და დაშავებული პირებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა; პოლონეთის გამოცდილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით; საპოლიციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო შემთხვევის დროს კოორდინაცია საპოლიციო და სამაშველო დანაყოფებს შორის და სხვა. სწავლების დახურვის ღონისძიებას პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, შსს-ს აკადემიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ტრენინგი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის“ – ფარგლებში ჩატარდა.