შსს-ს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქის სტეფანწმინდიდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში 38 წლის მამაკაცმა ელექტროხერხით ფეხი დაიზიანა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ, კატასტროფის ბრიგადის ჩასვლამდე, საჭირო იყო დაუყოვნებლივ პაციენტის ვერტმფრენით თბილისში ტრანსპორტირება და საავადმყოფოში მოთავსება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ამ დროისთვის, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.