შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
შსს-ს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი “ოჩამჩირე” (P23) და ხომალდი „სოხუმი“ (P24) მონაწილეობდა. უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა „სლავიანსკი“ (P190) ჩაერთო.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, „ადამიანი ბორტს მიღმა“, ხომალდის ბუქსირება.
ერთობლივი წვრთნები ნატო-ს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.